ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო.
ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.
ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას: „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.
No comments:
Post a Comment